მაბონი

Tuesday, September 18, 2012

22 სექტემბერს მაგიური სამყაროს წარმომადგენლები (განსაკუთრებით, ვიკანები და პაგანები) აღნიშნავენ დღესასწაულ მაბონს. გადავწყვიტე, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით დამეწერა პოსტი, რადგან ქართულ ინტერნეტ სივრცეში მხოლოდ ჰელოუინის შესახებ თუ მოიძებნება სტატიები, სხვა მაგიურ დღესასწაულებზე კი იშვიათად საუბრობენ.

მაბონი მოძრავი დღესასწაულია და აღინიშნება 17-23 სექტემბერს, მაშინ, როდესაც დღე ღამეს უტოლდება, უფრო ხშირად 21-ში, მაგრამ წელს 22 სექტემბერს უწევს. ამ დღეს ხდება მოსავლის, იგივე დედა-მიწის ძღვენის აღება და მზადება ზამთრისთვის. დრუიდები მაბონს Mean Fomhair-ს უწოდებენ და თვლიან, რომ ეს დღე მწვანე კაცის, იგივე ტყის ღმერთის დღეა, რომელიც ხეებს სასმელს აძლევს. პაგანები და ვიკანები კი თვლიან, რომ ეს ქალღმერთის (რადგან ამ დღესასწაულზე ქალღმერთი მოხუც ქალად იქცევა) და მზის ღმერთის (რადგან ის ემზადება სიკვდილისა და ხელახალი დაბადებისთვის) დღეა.


თავად მაბონი კელტების ახალგაზრდა ღმერთია და მისი სახელი ნიშნავს "დიდებულ ვაჟს". იგი მამაკაცური ნაყოფიერების და თავისუფლების სიმბოლოა. ის ათავისუფლებს უსამართლოდ დატყვევებულებს და იცავს გარეულ ცხოველებს.მაბონის შესახებ არსებული ლეგენდების დიდი ნაწილი დაკარგულია, თუმცა, ერთერთი ძველი კელტური ლეგენდა ჩვენამდე შემორჩა:

დიდი ხნის წინ, როდესაც სამყარო ახალგაზრდა იყო, დაიბადა მაბონი - დიდებული დედის დიდებული ვაჟი. მისი დედა იყო მოდრონი ("ღვთაებრივი დედა"), ქალღმერთი, მიწისქვეშეთის სამყაროს მცველი და მკურნალი. თუმცა, 3 ღამის შემდეგ (ზოგიერთი ვერსიით, 3 წლის შემდეგ) მაბონი შეიპყრეს და დედას მოსტაცეს. გადიოდა საუკუნეები, მაგრამ მაბონი არსად ჩანდა. მის კვალს ვერსად მიაგნეს...

ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად კულჰი. კულჰს გოლიათების მეთაურის - ისბადადენის ქალიშვილი ოლუენი უყვარდა და მასზე დაქორწინება სურდა. თუმცა, ვინც კი ბედავდა და გოლიათის ციხე-სიმაგრეში შედიოდა, ცოცხალი ვეღარ გამოდიოდა უკან. წინასწარმეტყველების მიხედვით, ისბადადენი იმ დღეს მოკვდებოდა, როცა მისი შვილი დაქორწინდებოდა. სწორედ ამიტომ, გოლიათი მისი შვილის ხელის მთხოვნელებს 39 დავალებას აძლევდა, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი იყო.

კულჰმა გაბედა, რომ მიეღო გოლიათის გამოწვევა, მაგრამ სანამ ციხე-სიმაგრეში წავიდოდა თავის ბიძაშვილ მეფე არტურთან და მის ერთგულ რაინდებთან ერთად გადაწყვიტა, მოეძებნა მაბონი, რადგან მხოლოდ მას შეეძლო დახმარების აღმოჩენა. თუმცა, არავინ იცოდა ახალგაზრდა ღმერთის ადგილსამყოფელი, ამიტომ მიმართეს მოხუც ცხოველებს, რომლებიც ცხოვრობდნენ სამყაროს დასაბამიდან და რომლებსაც ბევრი რამ ენახათ დედამიწის ზურგზე.

კულჰმა, მეფე არტურმა და რაინდებმა დაიწყეს მოგზაურობა ცხოველებთან შესახვედრად. პირველი მათგანი იყო შავი შაშვი. შეკითხვაზე, თუ სად იყო მაბონი, შაშვმა უპასუხა:

"მე არაფერი გამიგია ბავშვის შესახებ, რომელიც მოდრონმა შობა. წადით ირემთან. იქნებ, მან შეძლოს თქვენი დახმარება".

როდესაც მოძებნეს ირემი, იმავე კითხვაზე მან უპასუხა:

"მე არ ვიცნობ მას, ვისაც თქვენ ეძებთ, მაგრამ იქნებ, იცოდეს ბუმ".

თუმცა, არც ბუმ იცოდა მაბონის შესახებ არაფერი და ურჩია, მიემართათ არწივისთვის. კულჰი და მისი დამხმარეები წავიდნენ არწივის მოსაძებნად, იპოვნეს და ჰკითხეს, იცოდა თუ არა მაბონის ადგილსამყოფელი. არწივმა უპასუხა:

"მე არ შემიძლია თქვენი დახმარება, მაგრამ ოდესღაც შევხვდი მას, რომელსაც შესაძლოა, სცოდნოდა რაიმე მაბონის შესახებ. ერთხელ ტბაზე ვნადირობდი და ორაგულის დაჭერას ვცდილობდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ორაგულმა წყალქვეშ ჩამითრია და თავი ძლივს დავაღწიე. ჩემი ძმები გაემართნენ ტბისკენ, რომ ორაგულზე შური ეძიათ, მაგრამ ორაგულმა დაასწრო, გამოგზავნა მშვიდობის მაცნეები და თავადაც შემოგვთავაზა მშვიდობის დამყარება. გაემგზავრეთ იმ ტბასთან და შეეკითხეთ მას".

მივიდნენ კულჰი და მისი დამხმარეები უმშვენიერეს ტბასთან და შეეკითხნენ ორაგულს მაბონის შესახებ. ორაგულმა უპასუხა:

"ორი თქვენგანი ჩემს მხრებზე დასხდეს და მე მათ კაერ ლოის კედელთან მივიყვან. მთელი ცხოვრებაა მესმის, როგორ ტირის კედლის მიღმა ვიღაც".

ორი მათგანი ორაგულის მხრებზე დასხდა და როდესაც კაერ ლოის კედელთან მივიდნენ, გაიგონეს ტრილის ხმა. ჰკითხეს:

"ვინ ტირის ასე ძლიერად?"

კედლის მეორე მხრიდან პასუხი მოესმათ:

"ეს მე ვარ, მაბონი, მოდრონის შვილი. უძველესი დროიდან ამ კედლებში ვარ დატყვევებული და არ არსებობს ჩემი ხსნა".

დიდხანს არ უფიქრიათ კულჰს, არტურს და რაინდებს, შეებრძოლნენ მაბონის მცველებს და გაათავისუფლეს დატყვევებული ღმერთი. მადლიერების ნიშნად კი მაბონმა კულჰს გოლიათის რთული დავალებები შეასრულებინა და დაეხმარა, რომ ოლუენზე დაქორწინებულიყო.


მაბონის დღესასწაულს სხვადასხვა საფუძველი აქვს. ლეგენდების თანახმად, ამ დღეს ქალღმერთის და ღმერთის შვილები აღწევენ მოწიფულობის ასაკს; ქალღმერთი იქცევა მოხუც ქალად და ეშვება მიწისქვეშეთში; ლუგი, სინათლის ღმერთი, რომელიც მაბონის განსახიერებაა, მარცხდება თავის ტყუპისცალ ძმასთან - ზამთრის ღმერთ გორონვისთან ბრძოლაში (სხვა ვერსიით, წყვდიადის ღმერთ ტანისტთან), რის შემდეგაც იწყება ცივი ამინდები.

როგორც წესი, ამ დღეს გადიან ბუნებაში, აგროვებენ გამხმარ ფოთლებს, რკოებს, ტოტებს, ბალახეულს და სხვა ბუნებრივ მასალას როგორც მაგიური მიზნებისთვის, ასევე სახლის და საკურთხევლის გასაფორმებლად. მაბონის დროს ხდება ხისგან რუნების, კვერთხების, ცოცხების და სხვა მაგიური ატრიბუტების დამზადებაც. ჯადოქრები ერთმანეთს ბუნების საჩუქრებს სჩუქნიან, ცოდნას უზიარებენ და დახმარების ხელს უწვდიან.

მაბონის სადღესასწაულო სუფრაზე დებენ მწიფე ვაშლს, ქლიავს, ყურძენს, კენკრას, ბროწეულს, სტაფილოს, კარტოფილს, ჭარხალს, ხახვს, გოგრას, მარცვლეულს და ზოგადად მცენარეულ საკვებს, რაც სიმბოლურად აღებულ მოსავალს აღნიშნავს, ასევე სოკოს, თაფლს, თხილეულს, ცხვრის და ნანადირევის ხორცს, ხილის ღვინოებს (მაგალითად, ალუბლისას), სიდრს, კომპოტს, ბურახს და თაფლიან სასმელებს. აცხობენ სხვადასხვა ნამცხვრებს (მაგალითად, ვაშლის ღვეზელს ვანილით და დარიჩინით) და პურს.

მაბონის ფერებია ყავისფერი, ნარინჯისფერი, წითელი, ოქროსფერი, მუქი მწვანე, ყვითელი.

მაბონის ქვებია ცისფერი და ყვითელი აქატი, მალაქიტი, ავანტიურინი, ლაბრადორიტი, გამჭვირვალე კვარცი, ქარვა, პერიდოტი, ბრილიანტი, ციტრინი, ყვითელი ტოპაზი, კატის თვალი, ყვითელი საფირონი, ლაზურიტი, ამეთვისტო.

მაბონის მცენარეებია რკო, ვარდი, თამბაქო, გვიმრა, სალბი, ნარშავა, ქრიზანთემა, ლიმონი, გერანი, ოხრახუში, ფიჭვი, ასფურცელა, როზმარინი, კალენდულა, კაკალი, ფითრი, ზაფრანა, გვირილა, ნუშის ფოთლები, მზესუმზირა, მუხის ფოთლები, ვაშლი.

მაბონის საკმეველია ვაშლის ყვავილები, ჟასმინი, დარიჩინი, მუშკი, მიხაკი, მური, ფიჭვი, პაჩული, მუხის ხავსი.

მაბონის ტოტემებია შაშვი, ირემი, ბუ, არწივი, ორაგული.

რა შეგიძლიათ, გააკეთოთ მაბონის დღესასწაულზე?

შეგიძლიათ, ჩაატაროთ რიტუალები, რომლებიც ეხება უსაფრთხო მომავალს, მატერიალურ კეთილდღეობას, ადამიანების შერიგებას, წყენის დავიწყებას, დაავადებებისგან განკურნებას, წყლის მაგიის კანონების შესწავლას, ჰარმონიის მიღწევას; დაეხმარეთ ადამიანებს რითიც შეგიძლიათ, თუნდაც რჩევებით; იყავით ამ დღეს მადლიერი იმით, რაც გაგაჩნიათ და გამოხატეთ თქვენი მადლიერება ღმერთის მიმართ; ქოთანში დარგეთ მცენარე, ჩაუთქვით სურვილი და წარმოიდგინეთ, რომ მცენარის ზრდასთან ერთად თქვენი სურვილი ასრულებას დაიწყებს; დაგეგმეთ მომავალი - უახლოესი კვირა, თვე ან მთელი წელი; გაისეირნეთ ბუნებაში, მოაგროვეთ ფოთლები და შემდეგ გამოიყენეთ სახლის დეკორაციების შესაქმნელად; შეგიძლიათ, მოაგროვოთ ყველაფერი ის, რაც აღარ გჭირდებათ და დაწვათ: გაქვთ მავნე ჩვევა ან ხასიათის უარყოფითი თვისება, რომელიც გაწუხებთ? დაწერეთ ქაღალდზე, სანთელზე, ხეზე, ფოთლებზე და დაწვით - მაბონი ხომ წარსულისგან გათავისუფლების და ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა.

. . . . .

© Anna Dark

16 კომენტარი:

david said...

dzalian sainteresoa, momewona magrad

Ani said...

მიხარია, რომ მოგეწონა :)

GuArd gUard said...

ვა რა საინტერესოა. ადრე ვკითხულობდი თომას მელორის რომანს მეფე არტურზე მაგრამ შევწყვიტე. შუასაუკუნეებში დაწერილი რომანის კითხვა ცოტა მოსაბეზრებელი იყო :დ ამაზე გამახსენდა და ჩავამთავრებ ბარემ მაგას იქნებ ეს ლეგენდაც შემხვდეს :დ

Loray said...

Siamovnebit aghvnishnav am dghesaswauls.

Ani said...

GuArd gUard კარგი, წაიკითხე :D

Loray როგორ აპირებ აღნიშვნას თუ საიდუმლო არაა? :)

Loray said...

Ara saidumlo ar aris. Tan shabatia ar vmushaob. Dilit adre sadme kalakgaret waval mcenareebis shesagroveblad. Mere im receptebit movamzadeb shen rom dawere da ramdenime magiit dainteresebul adamians davpatijeb sadme bunebashi sasaubrod, shen tu sxva gegmebi ar gakvs gepatijebi. Erti zagavoris gaketebac minda da am dghes gavaketeb. Otaxis yvavilebs davrgav. Kidev ragac mcenareuli receptebi makvs kanisa da tmistvis da movamzadeb

Ani said...

უი, რა კარგი გეგმები გაქვს :) მეც მაქვს ერთი გეგმა. სამჰაინს ველოდებოდი, მაგრამ ჩემი გამოთვლებით მაბონი იდეალური ვარიანტია ამისთვის. თითქმის 1 თვეა, ამისთვის ვემზადები და არ მინდა, ეს შანსი ხელიდან გავუშვა. თუ გამომივა, მეილზე მოგწერ :)

Loray said...

Ok. Dzalian mainteresebs. Da halloweenstvis gakvs gegmebi? An axali wlistvis. Nu xo xvdebi romel axal welsac vgulisxmob. Me moutmenlad veli nemoi ujins.

Ani said...

არა, ჯერ არ მაქვს სხვა გეგმები. Немой ужин სულებთან კონტაქტი არაა? და როდისაა?

Loray said...

Wlis bolo jadokrul shabashze.

საინტერესო ბლოგი said...

საკმაოდ საინტერესო დღესასწაულია, უკვე ჩემი ფავორიტი დღესასწაული გახდა ახალი წლის შემდეგ :)))) ვაპირებ, რომ ყოველ წელს ავღნიშნო.

Ani said...

Loray ააა, გასაგებია :)

საინტერესო ბლოგი, ძალიან კარგი :)

საინტერესო ბლოგი said...

წელს რომელ რიცხვში აღინიშნება?

Anna Dark said...

ჩვენი დროით 23-ში უწევს, ღამის 00:44 სთ-ზე

საინტერესო ბლოგი said...

წელსაც ვემზადები ამ დღესასწაულისთვის :)))

Anna Dark said...

ძალიან კარგი ^.^